ზუგდიდელი ბიჭუნა, რომელიც 12 სხვადასხვა ხალხურ საკრავზე უკრავს

dito

დიმიტრი ქარჩავა 17 წლისაა, ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ჩვენი ყურადღება დიტომ მას შემდეგ მიიქცია, რაც გავიგეთ, რომ მას შეუძლია თორმეტი სხვადასხვა სახეობის ხალხურ ინსტრუმენტზე დაუკრას.

დიტო ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის «მახარია»  წევრია, ამასთანავე, ცეკვავს ქორეოგრაფილ ანსამბლ «კოლხაში».»ძალიან მიყვარს ქართული ფოლკლორი, ყოველდღიურად ვეცნობი და თვითონვე ვსწავლობ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას, ყველაფერს ვინიშნავ. რაც შევისწავლე მცირედია, მაგრამ ვაპირებ, მომავალში ჩემი რეპერტუარის უფრო მეტად დახვეწას და განვითარებას».-უთხრა  «ზუგდიდელებს» დიტომ.
დიმიტრი ქარჩავა: –ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ქორეოგრაფიის მასწავლებლის დავით ნადარეიშვილის დაჟინებული მოთხოვნით მივედი. ქორეოგრაფიის პედაგოგს სჭირდებოდა ნომერი ჭიბონზე, უნდა დამეკრა, მაგრამ ზუგდიდში არ არის შესაძლებლობა ამ ინსტრუმენტის შესწავლის. პედაგოგმა იცოდა, რომ სასახლეში ასწავლიდნენ ხალხურ საკრავებს. ქალბატონ ქეთევან კილასონიასთან და ნონა მაქაცარიასთან ძალიან მალე ისე დავეუფლე საკრავებზე მუშაობას, რომ ერთ თვეში სასახლის საანგარიშო კონცერტში მივიღე მონაწილეობა. ადრეულ წლებში, ვმღეროდი სკოლის გუნდში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო წამოვედი და მრავალხმიან ქართულ ფერხულში ჩავები. რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩავერთე ქართულ ხალხურ ორკესტრში. მოგეხსენებათ, სასახლეში საორკესტრო და სასიმღერო გუნდი ცალ–ცალკეა. უკვე ყველა საორკესტრო ინსტრუნეტს ვფლობ. პირველი საკრავი იყო სალამური. მეორე ინსტრუმენტი, რომელსაც დავეუფლე, იყო ფანდური. საკუთარი ფანდური დავამზადებინე ხალხური რეწვის ოსტატს, ბატონ დემურ ანთიას, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობ. ამის შემდეგ იყო ხალხური ჩონგური, ხალხური ფანდური, ბას-ფანდური, დავეუფლე კონტრაბასს, დაირას, ჭუნირის და ჩანგს, დიპლიპიტოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც საერთოდ ამოვარდნილია ხმარებიდან ეს არის მეგრული ხალხური საკრავი «ლარჭემი», რომელიც «სოინარის» სახელითაც არის ცნობილი. ეს საკრავი მხოლოდ მუზეუმშია და საკუთარი არავის არა აქვს, არც ოსტატი არსებობს, ვინც ამ საკრავს აკეთებს. ბატონმა დემურმა მაჩუქა ერთი ლარჭემი. ეს იყო ჩემთვის რაღაც საოცრება. აღსანიშნავია, რომ ოსტატს ეს ცოდნა არავისგან არ მიუღია, უბრალოდ, სერგი მაკალათიას წიგნში აღწერილია სამეგრელოს კულტურა, სადაც საუბარი იყო ამ ინსტრუმენტზე და იმაზე, თუ როგორ მზადდებოდა. უახლესი საკრავი რაც შეემატა ჩემს კოლექციას, არის ჭიბონი. უკვე შემიძლია მასზე რამდენიმე მარტივი მელოდიის შესრულება. კლასიკურებიდან გიტარაზე და ფორტეპიანოზე ვუკრავ.
-როგორც ვიცი, ლარჭემის აწყობაზე, ოსტატთან ერთად, შენც მუშაობდი…
-დიახ. ლარჭემი ლერწმის ქართული მრავალღეროვანი სალამურია. გავრცელებულია სამეგრელოში, გურიაში და ლაზეთში. ღეროები სხვადასხვა სიგრძის აქვს. გადავწყვიტე მე თვითონ ამეწყო. როდესაც ოსტატი აკეთებდა ლარჭემს შიგნით ყრიდა ღომის მარცვლებს, რასაც მეგრულად «ჰუმუ» ჰქვია. რადგან მე არ მომეპოვებოდა ღომის მარცვლები, გადავწყვიტე, ჩამენაცვლებინა წიწიბურით. სასურველ ტონალობას, როცა მივიღებდი, გადმოვყრიდი პატარა სინჯარაში, გავზომავდი მის სიგრძეს და გადავჭრიდი, შემდეგ ფანქარი ჩავუშვი მილებში, თითოეული მილის სიგრძე გადმოვხაზე და ფორმულირებული ზომები გავუგზავნე ბატონ დემურს, რომელიც უკვე ამზადებს საკრავს. რეალიზაციაშიც არის და ბევრსაც აინტერესებს.
-შენ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლის «მახარია» წევრი ხარ…
- დიახ, მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ანსამბლ «მახარიაში», რომლის ხელმძღვანელები არიან, ქალბატონები: ქეთინო კილასონია და ნონა მაქაცარია, ორი წელია ვირიცხები. ანსამბლი შესდგება 35 წევრისგან. გუნდში სწავლება უფასოა. ხშირად გვიწევს სხვადასხვა ქალაქში გასვლა და კონცერტებში მონაწილეობის მიღება. ამის გარდა, ჩვენს ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში ვღებულობთ მონაწილეობას. საეკლესიო საგალობლებსაც ვასრულებთ. შარშან, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი ავიღეთ. კონცერტზე მიგვქონდა ორი ნომერი. მახსოვს, როცა ჩვენ სცენაზე გამოვედით, დარბაზი «დაინგრა». ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი ახალციხეში ვიმყოფებოდით. რაბათის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა ზუგდიდის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ერთობლივი პროექტი «ნორჩი მკვლევარი 2018″ – «საქართველო, რელიგია-კულტურათა გზაშესაყარზე», კონფერენციაზე ჩვენ წარვადგინეთ თემა «მერეხელი»და ცოცხლად შევასრულეთ ეს სიმღერა.
- დიტო, სცენაზე დიდი ხანია დგახარ. იქნებ გაიხსენო შენი პირველი სასცენო ნაბიჯები…
-სცენაზე პირველად მაშინ გავედი, როცა ჩვენს სკოლას ჰქონდა 140 წლის იუბილე. მახსოვს სცენაზე ჩოხით ვიდექით და ვმღეროდით. ქორეოგრაფიულ ანსამბლ «კოლხას» წევრი ვარ, ხშირად გვიწევდა გასტროლებზე გასვლა, შესაბამისად, კონცერტბზეც გამოვდიოდით. თავიდან ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ძნელი იყო. მაგრამ შემუშავებული გვქონდა მეთოდი, ზოგიერთი წინასწარ ცეკვავდა და ასე იმხნევებდა თავს. ჩემთვის კულისებში ყველაზე კარგი განმუხტვის საშუალება იყო ცეკვა, გავხურდებოდი და შემდეგ არანაირ კომპლექსს არ ვგრძნობდი, თავისუფლად ვიყავი სცენაზე, რაც შეეხება სიმღერას, პირველად, რომ გამოვედი სცენაზე, სალამურზე ვუკრავდი, მახსოვს, ფეხები მიკანკალებდა, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან სალამური არის წამყვანი ინსტრუმენტი. ერთი შეცდომა და შეიძლება ნომერი მთლიანად ჩაიშალოს, ძალიან საპასუხისმგებლო საქმე მაბარია, მაგრამ თანდათანობით შევეჩვიე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მაყურებლის რეაქცია. სასიამოვნოა, რომ დღეს, ყოველი მეხუთე ქართველი ბავშვი ფოლკლორით არის დაკავებული. ზოგისთვის ეს ჰობია, ზოგისთვის საყვარელი პროფესიაა, ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ჩემი აზრით, აუციელებლია შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა, ის რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს.
-ქართული ფოლკლორისადმი სიყვარული ალბათ, მემკვიდრეობით მიიღე…
-რა თქმა უნდა, ეს დადასტურებულია და ასეც არის,–მუსიკისადმი მიდრეკილება არის გენეტიკური. ჩემს ოჯახს უყვარს სიმღერა. დედაჩემი კარგად მღერის. ადრე ბენდი «ზუგდიდის» წევრი იყო. უკრავს გიტარაზე.
–ზუგდიდში მყოფ პრემიერ- მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეკითხვა დაუსვი, რამდენად დაგაკმაყოფილა მინისტრის პასუხმა?
- მე დავუსვი მინისტრს შეკითხვა რა სახის წახალისებას მისცემდა იმ სტუდენტებს, რომლებიც ირჩევენ ნაკლებად პოპულარულ პროფესიებს საქართველოში. პრემიერს ვუთხარი, რომ მხოლოდ საგრანტო კონკურსი არ არის საკმარისი და რაღაც გარკვეული სტიმული სჭირდება ასეთ პროფესიებს, ამის მაგალითად მოვიყვანე სვანეთის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. წინა დღებში, მე ვიმყოფებოდი სვანეთში, ჭალაადის მყინვარზე, სწორედ იქიდან გამომავალი მდინარის კალაპოტზე აშენებენ ჰიდროელექტროსადგურს. ჩემდა გასაკვირად, ყველა ინჟინერი და მშენებელი იყო თურქი. რატომ უნდა აშენებდნენ ჩვენს ქვეყანაში ასეთ მნიშვნელოვან ჰიდროელექტროსადგურს თურქები და არა ქართველები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი უმუშევარი ადამიანია. ჩემი აზრით, საქართველოს არ ჰყავს მაღალი დონის ინჟინრები, რომლებსაც შეუძლიათ ააშენონ მსგავსი ტიპის ჰიდროსადგურები. მინისტრს შეკითხვა მოეწონა და მადლობა გადამიხადა. მან აღნიშნა, რომ ეს იყო განსახილველი საკითხი. თვითონაც პროფესიით ინჟინერი ყოფილა. საერთო ჯამში, შეხვედრით კმაყოფილი დავრჩი.
-ძალიან გამიკვირდა, როცა მითხარი სამედიცინოზე ვაპირებ ჩაბარებასო, რატომღაც მეგონა მუსიკალური პროფილით გააგრძელებდი სწავლას…
-მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა პროფესია ავირჩიე, მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამას ვერც სამედიცინო შეუშლის ხელს და ვერც სხვა პროფესია. მე ვფიქრობ, რომ ფოლკლორისადმი სიყვარული გამოიხატება ერის სიყვარულში. ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიებიდან მე მიმაჩნია მასწავლებლობა და ექიმობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანთან. მასწავლებელი აღზრდის პიროვნებას, ექიმი კურნავს და გადაარჩენს. ამის გარდა, თანამედროვე მედიცინა ძალიან საინტერესოა.
-დიტო, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?
-ზოგადად არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ერთი სიტყვით, შეიძლება ვთქვა, რომ ვარ მიზანმიმართული და შრომისმოყვარე.
-შენი ჰობი?
-ჩემი ჰობია კითხვა. სხვადასხვა ლიტერატურულ მიმდინარეობას ვკითხულობ. ადრე, სათავგადასავლო წიგნებს ვარჩევდი. ახლა, ვკითხულობ ალბერტ კამიუს «შავ ჭირს».
-რამდენიმე ქვეყანაში ხარ ნამყოფი, განსაკუთრებულად რომელი დაგამახსოვრდა?
-ძალიან მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქის მონახულება. გასტროლებზე ყოფნის დროს, ევროპის ათ ქვეყანაში ვიმყოფებოდით, განსაკუთრებული მოგონებები დამრჩა ვენეციაში და პრაღაში ყოფნის დროს, მაგრამ მე ვთვლი, რომ განსაკუთრებული არქიტექტორული ნაგებობებით და სილამაზით საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული ქვეყანა.
-შეყვარებული თუ ხარ?
-არა, შეყვარებული არ ვარ. ზოგადად მომწონს განათლებული და ჭკვიანი გოგონები. სულიერი სილამაზე არის ყველაზე მნიშვნლოვანი. გოგო თავდაჭერილი უნდა იყოს და მოზომილი.
-ოჯახის წევრებზე მომიყევი…
-დედაჩემი მანანა მიქენაიაა, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკა. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ამჟამად, დიასახლისია. მამა ზვიად ქარჩავა -პროფესიით ეკონომისტია, ის ააიპ «ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის» დირექტორია. მყავს და ანი, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსია. მინდა, მშობლებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისათვის.
- შენი ოცნება რა არის?
-ჩემი ოცნებაა, გავხდე ღირსეული ქართველი, რომელიც გამოადგება თავის ქვეყანას. ძალიან მინდა ჩემმა ქვეყანამ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები და აფაზეთის ულამაზესი კუთხეები დავათვალიერო.
-ვინ არის შენი შემფასებელი?
-ჩემი შემფასებელი არის მსმენელი. მსმენელის ოვაციაზე და სახის გამომეტყველებაზე შეგვიძლია შევამჩნიოთ, როგორ შევასრულეთ ესა თუ ის ნომერი. კონცერტის დასრულების შემდეგ, გვაფასებს ქეთინო მასწავლებელი, საკუთარი თავის შემფასებელი და კრიტიკოსი თავად ვარ.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ

 

მოგეწონა სტატია? - გააზიარე!

Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes