ვენერა ღურწკაიამ საუკუნე უკან მოიტოვა…


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, 101 წლის ქალბატონი ვენერა ღურწკაია ცხოვრობს. მხცოვანი ქალბატონი ორი შვილის, ხუთი შვილიშვილის და შვიდი შვილთშვილის ბებიაა. ქალბატონი ვენერა აფხაზეთიდანაა, კერძოდ, კი გალის რაიონ სოფელ ჭუბურხინჯიდან.  24 წლის იყო, როცა მომავალი მეუღლე, ბუღალტერი იპოლიტე ღურწკაია გაიცნო და შეუღლდნენ. ქალბატონი ვენერა გამოირჩევა ენაწყლიანობით და გამჭრიახი გონებით.  არასდროს ავიწყდება მნიშვნელოვანი წლები და თარიღები. ბოლო დროს, მოხუცი ქალბატონი ხშირად უჩივის  ფეხებისა და ყურის ტკივილს, მაგრამ ამ ყველაფერს მისთვის არ შეუშლია ხელი უმოქმედოდ არ ყოფილიყო. მუდამ ძიებაშია და საოჯახო საქმეებითაა დაკავებული. უვლის ბოსტანს, საქონელს, ამოყავს ყველი. თხილს ბოჭავს. ეზოში სკამზე ჩამომჯადარი ხშირად ფიქრობს განვლილ ცხოვრებაზე და ამბობს, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, არაფერს შეცვლიდა მის  ცხოვრებაში ისევ დატოვებდა ყველაფერს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად რისთვისაც იღვწოდა ცხოვრებაში, მიღწეული აქვს შვილების სახით, რომლებმაც მათი საქმიანობით საზოგადოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

-1916 წლის 10 მაისს დავიბადე, თითქმის ერთი  საუკუნე ვიცხოვრე  ამქვეყნად. ამ ხნის განმავლობაში, ცხოვრებაში, ბევრი სიხარული, ბედნიერება მწვევია, მაგრამ სიხარულს ხშირად მწუხარება და დარდი ენაცვლებოდა.  დედისთვის შვილის დაკარგვა,  სუნთქვის შეწყვეტას ნიშნავს. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ დრო  მოუშუშებელ იარებს და ტკივილებს დროებით გვავიწყებს იმ ადამინებთან ერთად, ვინც ჩვენს გვერდით იმყოფებიან. ხშირად  მეუბნებიან ასაკის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურებიო. მე ძალას, ენერგიას და ცხოვრების სტიმულს  მმატებენ ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით იმყოფებიან. ზამთარში, თბილისში ჩემს შვილებთან ვარ,  მენანება აქაურობის დატოვება, მაგრამ როგორც კი დათბება, აქ ჩამოვდივარ. აქ ყოფნისას წლები მემატება. შვილიშვილები მეუბნებიან, ბებია როცა აღარ გვეყოლებიო, არ ვიცით ჩამოვალთ თუ არაო, მათ ვერ წარმოუდგენიათ უჩემობა და ისიც იციან თუ როგორ მიყვარს აქაურობა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ დიდი ტკივილი მარგუნა შვილის დაკარგვით, უფალს მადლობას ვწირავ ყოველი დღისთვის და შევთხოვ ყველას ჩემს ასაკამდე მოეღწიოს.

-ქალბატონო ვენერა, თქვენ აფხაზეთიდან ხართ.

– ჩემს მომავალ მეუღლეს 1922 წელს შევხვდი.  ძალიან კარგი ადამიანი იყო. განათლებული, ჭკვიანი და ოჯახზე მზრუნველი. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. მე ორ მცირეწლოვან შვილთან და ავადმყოფ დედამთილთან და მამამთილთან ერთად დავრჩი ოჯახში.  ძალიან რთულია, როცა სახლი მამაკაცის გარეშე რჩება, ყველა სიმძიმე ქალის კისერზე გადადის.  ბავშვების აღზრდის გარდა,  საოჯახო საქმეების კეთებაც მიწევდა. იმის შიშით, რომ ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ, ყოველთვის ვმუშაობდი, ვთოხნიდი, ვბარავდი და ბეღელი მუდამ სავსე მქონდა. მეუღლე  ხუთი წლის განმავლობაში ტყვედ იყო ჩავარდნილი  რუმინეთში, ომიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვეულებრივად განვაგრძეთ ცხოვრება. შეგვეძინა შვილი და მათ სწავლა აღზრდაზე ვზრუნავდით. მინდა გითხრათ, რომ შვილები ისე აღვზარდეთ, მათთვის არაფერი დაგვიკლია, ყოველთვის იმას ვაძლევდით, რაც სჭირდებოდათ. მეუღლე 1983 წლის 4 აგვისტოს დავკარგე 73 წლის ასაკში. მე მხოლოდ მეუღლე და ჩემი შვილების მამა არ დამიკარგავს, მე დავკარგე მეგობარი, სამაგალითო ადამიანი და ღირსეული პიროვნება.

– მითხრეს, ზაფხულში სულ სტუმრიანობა გაქვთ…

– დიახ. ზაფხული განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს ველოდები. ხალხმრავლობა და ძველი დროის გახსენება, ძალიან მიყვარს. ჩემი ნება, რომ იყოს სულ აქ დავრჩებოდი, მაგრამ შვილების გადაწყვეტილებით, ზამთარში თბილისში ვარ. ახლა ვთხოვე აქ ჩამოვეყვანეთ და სურვილი ამისრულეს. დღეში რამდენჯერმე მირეკავენ, მაკონტროლებენ არ გადავიტვირთო და არ ვიმუშვო. მეკითხებიან, როდის ჩამოხვალო, მე ვეუბნები, სანამ არ ითოვებს, მანამდე აქ დავრჩები მეთქი. მიყვარს აქაურობა, ძველი დროის გახსენება, ამ სახლთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. აქ მთელი ჩემი წარსულია.

– საოჯახო საქმეებით ყოფილხართ დაკავებული…

–  ნამუშევარი ადამიანისთვის ძნელია ერთ ადგილას ყოფნა. ყოველთვის ვიცოდი შრომის ფასი, ამიტომ შეძლებისდაგვარდ, ვცდილობ, ახლაც ჩემი წვლილი შევიტანო სახლის მოწესრიგებაში. მაქვს პატარა ბოსტანი, წელს როგორიც მინდოდა ისეთი არ გამომივიდა,-შარშან უკეთესი იყო, ყველაფერი მქონდა, რაც ადამიანს სჭირდებოდა. ვაგროვებდი ნიგოზს, თხილს. მიხარია, როდესაც შვილიშვილებს  ვუმასპინძლდები ჩემი ნახელავით. მყავს ერთი ძროხა, მის მოვლაში მეხმარება ლელა, მაგრამ ყველი მე ამომყავს.. მიყვარს ყველაფერი ნატურალური და სახლში დამზადებული.

– 10 მაისს იუბილარი ყოფილხართ… როგორ აღნიშნეთ თქვენი დაბადების დღე?

– ყოველი წლის 10 მაისს ჩემი შვილები და მათი მეგობრები  ჩამოდიან და ერთად ვიკრიბებით. წელსაც, ტრადიცია არ დარღვეულა, მათი ჩამოსვლით ძალიან გამახარეს. შვილიშვილები საჩუქრებით მანებივრებენ. ერთ-ერთმა ლამაზი ყელსაბამი მაჩუქა, რომელსაც მუდამ ვატარებ. მეფერებიან, მეალერსებიან მკოცნიან და ამაზე მეტი საჩუქარი რა უნდა  ინატროს ადამიანმა?

– ენგურსგაღმა თუ ყოფილხართ, თქვენს მშობლიურ კუთხეში?

– აფხაზეთი ჩემი დიდი ტკივილია. მენატრება იქაურობა და მენანება. დევნილობის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩასული, ჩემი დის დაკრძალვაზე, მის მერე არ ვყოფილვარ. ომი ყველას დიდ ზიანს აყენებს, ვკარგავთ  საყვარელ ადამიანებს, მაგრამ მომავლის და შინ დაბრუნების იმედი მუდამ გვაქვს.

– როგორი ბებია ხართ?

–  შვილიშვილები მეუბნებიან “ოქროს გული” გაქვსო. საყვარელი, მზრუნველი და კეთილი ხარო.  ცხოვრების მანძილზე ცუდი არავისთვის მისურვებია, ყოველთვის ვცდილობდი კეთილი საქმეები მეკეთებინა და  დახმარების ხელი გამეწოდებინა იმათთვის, ვისაც გვერდში დგომა სჭირდებოდა. ალაბათ, ამიტომ მეუბნებიან “ოქროს გული” გაქვსო.

-ქალბატონო ვენერა, როგორ შეაფასებდით ახალ თაობას, ალბათ, დიდი განსხვავებაა თქვენს ახალგაზრდობასა და დღევანდელობას შორის?

– დროის მიხედვით იცვლებიან ადამიანები, მათი ხედვები, გემოვნება და შეხედულებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თაობებიც იცვლებიან, შესაბამისად აზროვნებასთან ერთად. დღევანდელი ახალგაზრდები ძველი თაობისგან ძალიან განსხვავდებიან. ისინი  სამყაროს სულ სხვანაირად აღიქვამენ. ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და ნაკითხი ახალგაზრდობა მოდის.

– როგორ ყურადღებას აქცევს ას წელს გადაცილებულ ხანდაზმულ ქალბატონს სახელმწიფო?

– ჩვენი გამგებელი ლიკა ქვარცხავა ძალიან ყურადღებიანია. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს,  შვილთან ერთად მომინახულა და გამარჯვება მომილოცა. ადრე მომინახულა  გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ, მომეფერა და დიდი ხსნის სიცოცხლე მისურვა.  მთავრობა, როგორც ას წელს გადაცილებულს მაძლევს  ფულად დახმარებას.

ქალბატონი ვენერა შვილებზე დიდი სიყვარულით, სითბოთი და სიამაყით გვესაუბრება. ის ამბობს, რომ ბედნიერი და დამშვიდებული წავა იმქვეყნად, რადგან მიზანს მიაღწია შვილების სახით. შვილები თავიანთ ნიჭს, ცოდნას და გამოცდილებას მომავალი თობების აღზრდას ახმარენ. ქალბატონი ვენერას ვაჟი კარლო ღურწკაია 76 წლისაა, დამთვრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა  პედაგოგიური ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის პ. გუგუშვილის  სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტის ასპირანტურა  პოლიტიკური  ეკონომიის სპეციალობით. არჩეულია რამდენიმე აკადემიაში, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების  კათედრის გამგე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. რამდენიმე წიგნის ავტორია.  ქალიშვილი თინა 71 წლისაა, ორმოცი წელია რაც ფინანსთა სამინისტროში ღირსეულად მუშაობს. მოხუცი ქალბატონის თქმით, ვაჟის კარლოს შვილები „გეპეიში“ ასწავლიან. ქალიშვილის თინას მეუღლეც პროფესორია. აწ გარდაცვლილი ვაჟი ვაჟა ღურწკაია, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა სვანეთის გზაზე,  ცეკავშირის დირექტორი იყო. “მე და ჩემმა მეუღლემ შვილებს  ვასწავლეთ, მატერიალურად დავუდექით გვერდში, დანარჩენს თვითონ მიაღწიეს. ჩემი შვილიშვილებიც სხვადასხვა ადგილებზე მუშაობენ.”- გვითხრა მოხუცმა ქალბატონმა.

–  კითხვაზე რა რჩევას მისცემდა მხცოვანი ქალბატონი ახალგაზრდებს, ქალბატონმა ვენერამ გვითხრა:  ნებისმიერ წამოწყებულ საქმეს ყურადღებით, პასუხისმგებლობით მოეკიდონ. დააფასონ სხვისი შრომა და მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომონ. უყვარდეთ და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.

ზუგდიდში ყოფნისას, ბებოს უყურადღებოდ არ ტოვებენ მეზობლები, ცოლ-ქმარი  ლელა ანთია და  ნუგზარ ჯანაშია.  ქალბატონი ლელა ყოველ დილით წნევას უკონტროლებს, წამლებს  დაალევინებს და  მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან  ცოლ-ქმარი საოჯახო საქმეების კეთებას.

ლელა ანთია:  ძალიან დადებითი ქალბატონია, მოსიყვარულე. ბებო დილა- საღამოს ლოცულობს შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და შვილთაშვილებისთვის. კეთილი გულის პატრონია. ყველას გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვს. სხვის ამბავს როცა გაიგებს, ძალიან განიცდის, ამიტომ ხშირად ვუმალავთ არასასიამოვნო ამბებს. ახლახანს ახლობელი დაკარგა, ძალიან განიცადა.  ძალიან გემრიელი ხელი აქვს, ღომს საკუთარი ხელით ამზადებს. როცა მუშაობს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს თავს.

ნუგზარ ჯანაშია: ქალბატონი ვენერა ყველასათვის საყვარელი და მზრუნველი ბებიაა. მამაჩემისგან გამიგია, რომ სოფელში თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ბებო აუცილებლად გვერდში დაუდგებოდა. ძალიან უყვარს საუბარი და ძველი დროის გახსენება. ასაკის მიუხედავად, ყველა დეტალი მისი ცხოვრებისა, ახსოვს. ახლაც ფუსფუსებს ბოსტანში,  ჩვენ ვუფრთხილდებით ზედმეტად არ გადაიღალოს. ღმერთმა ჯანის სიმრთელე მისცეს.

ეკა ფარულავა

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!