ბადრი დარასელია ჭითაწყარელების სამსახურშია


 ჩვენს რესპოდენტს სჯერა, რომ თავისი ცხოვრება ლამაზად და შინაარსიანად გაიარა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბადრი დარასელია კარგი მოსაუბრეა და საუცხოო მასპინძელია.

-დავამთავრე თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, პოლიტიკური ეკონომიკის სპეციალობით, შემდეგ იყო ასპირანტურის წარმატებული წლები. ზუგდიდში ვმუშაობდი შრომის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის განყოფილების უფროსად. 1992 წლიდან 2003 წლამდე ადგილობივი თვითმმართველობის ორგანოებში ვიყავი სხვადასხვა თანამდებობაზე, იმავდროულად, ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, პედაგოგიური მოღვაწეობის 15 წლიანი სტაჟი მაქვს. 2003 წლიდან საგადასახადო  სამსახურში ვარ. შემდეგ ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის” ზუგდიდის ფილიალის დირექტორი,  ვმუშაობდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ლაზიკის“  რისკების განყოფილების მენეჯერად. ბოლოს,  კონკურსის შედეგად, მოვხვდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად სოფელ ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში.

-თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ თანამდებობაზე დანიშვნას?

-ჩვეულებრივად შეხვდა, იმავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ რომ სოფლის ხელმძღვანელობა მაგარი საპასუხისმგებლო საქმეა!

-მდიდარი ტრადიციების სოფელია ჭითაწყარი. რა არის პირველ რიგში, სოფელ ჭითაწყარში მოსაგვარებელი?

-დღევანდელი მდგომარეობით, დიდი  პრობლემაა ჭითაწყარში ის, რომ არ არსებობს საკომლო წიგნი, რომელიც უნდა ჩაბარებულიყო არქივს. საკომლო წიგნის არარსებობა განაპირობებს საკარმიდამო ნაკვეთების რეგისტრაციის შეფერხებას. რეგისტრაციის ვადაა 1 წელი,  ალბათ,  კომისია დაგვეხმარება ამ საკითხის მოგვარებაში.

-რა საკითხებია თქვენთვის პრიორიტეტული სოფლის განვითარების გეგმაში?

-სოფელში მე მოვედი 2015 წლის სექტემბრის თვეში. პირველ რიგში, სკოლას მივაკითხე, პირველი კლასი მოსაწესრიგებელი იყო და მოვაწესრიგეთ. დანარჩენი პროექტები შემდეგი თანმიმდევრობთ განვახორციელეთ:

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2015 წლის სექტემბრის  თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით, მოხდა მეფრინველეობის უბნის დასახლებაში  საცხოვრებელი ფასადის შელესვა, მოპირკეთება, შეღებვა-ღირებულება 30-300 ლარი. გარე განათების დამონტაჟებია  კ. გამსახურდიას  ქუჩაზე   80159  ლარის ღირებულებით.

რეგიონალური  განვითარების ფონდის დაფინანსებით, სრულად  რეაბიტილდა ონარიის დასახლებაში განთავსებული საცხოვრებელი  კორპუსების სახურავი და ფასადი 852781 ლარის ღირებულებით.

სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილ და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 3 ბენეფციარს აუშენდა სოციალური სახლი.

სოციალურად  დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდა ათი ბენეფიციარი. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდა 6  ბენეფიციარი.

გასაკეთებელი ბევრია. საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი საჭიროებს რეაბილიტაციას, ასეთივე მდგომარეობაშია არასრული საჯარო სკოლა, რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ის განთავსებულია ჭითაწყარის წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ შენობაში, არადა, ს/ბაღში ირიცხება 80 აღსარზდელი, ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ საბავშვო ბაღს გამოყოფილი არა აქვს დასაძინებელი ოთახი, აღნიშნული პრობლემა მოგვარებადია თუ რეგინალური ფონდის დაფინანსებით, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი. სადაც ადრე იყო ს/ბაღი, ახლა, იქ ცხოვრობს იძულებით გადაადგილებული 17 პირი. უნდა მოხერხდეს  მათი განსახლება  ბარამიას ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში.

სოფელ ჭითაწყარში ბოლო მონაცემებით ცხოვრობს 4015 ადამიანი, რომელთა სრულფასოვანი და ეფექტური მომსახურება ერთი საშტატო ერთეულით თითქმის შეუძლებელია.  2 საშტატო ერთეულის, ანუ 2 სპეციალისტის დამატება უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს შემდგომი გამართული მუშაობისათვის მოსახლეობასთან.

-ბატონო ბადრი, ახლოვდება ახალი  წელი, რა ღონისძიებები იგეგმება სოფელში?

-საახალწლოდ, ძალიან კარგი  პროგრამა აქვს მუნიციპალიტეტს, სოციალური თვალსაზრისით. ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს. დღეს დღეობით, არის ოთხი მრავალშვილიანი ოჯახი ჭითაწყარში და მათ, 150 ლარის ფარგლებში, გაუკეთებენ საჩუქარს პროდუქტების სახით. ვისაც 30-ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, მათ ეძლევათ დახმარება.

-ბატონო ბადრი თქვენს ოჯახზე მოგვიყევით?

-ოჯახი 1983 წელს შევქმენი, რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით. ჩემი მეუღლე გახლავთ #1 აფთიაქის გამგე, პროვიზორი ქეთევან ხარჩილავა. მყავს ორი ვაჟიშვილი: დავით და ლევან დარასელიები. დავითი ხელოვანია, ადრე ახალგაზრდულ „ოდოიას’’ ხელმძღვანელობდა. ამჟამად, არის რეგენტი-მგალობელი. ლევანი სპეციალობით პროვიზორია. მიიღო კონკურსში მონაწილეობა და ამჟამად მუშაობს გამგეობაში, კულტურის განყოფილებაში. სხვათაშორის, არ მინდა გამომრჩეს, რომ ბაბუაჩემი, ბაგრატ დარასელია 1947-48 წლებში იყო სოფელ ჭითაწყარში საბჭოს თავმჯდომარე .

-ბატონო ბადრი, ახალ წელს სად ხვდებით, ტრადიციულად?

-როგორც ყოველთვის, ოჯახში ვხვდები ახალ წელს.

– თქვენი იდეალი ვინ არის?

-დალაი ლამა.

-ტრადიციული კითხვა, რას აფასებთ ადამიანის თვისებაში?

-უღალატო ადამიანს ვაფასებ, ადამიანი არ უნდა ცრუობდეს. თუ ეკონომიურად ვერ ეხმარები, მორალურად მაინც უნდა დაეხმარო.

-რას უსურვებთ საახალწლოდ ჭითაწყარელებს, სრულიად საქართველოს?

-პირველ რიგში, ჯანის სიმრთელეს, სულის სიმტკიცეს, შინაგან სიმშვიდეს და ერთმანეთის სიყვარულს.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!